Absolut_ის ისტორია (ნაწილი მეორე)



ფრაზა ”აბსოლუტური ხელოვნება” (Absolut Art) პირველად გაჟღერდა 1985 წელს, როდესაც ენდი უორჰოლმა, პოპ-არტის მამამ, ცნობილმა თავისი ინტერპრეტაციებით სუფებისა და მერლინ მონროს თემაზე, შესთავაზა კომპანიას ”რაიმე ექნათ ამ ბოთლისთვის”. ”აბსოლუტსაც” დააინტერესა, რა გამოვიდოდა ამ ყველაფრიდან და კომპანიამ სთხოვა ენდის დაეხატა პორტრეტი. რისი პორტრეტი, ალბათ უკვე მიხვდით – რათქმაუნდა ცნობილი ბოთლის. სულ მალე ეს ტილო პოსტერებზე გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბის წარმატებამაც არ დააყოვნა. ასე დაიწყო ”აბსოლუტისა” და ხელოვნების დაკავშირება. ამ სარეკლამო კამპანიაში მოზიდულ იქნენ ავტორები მთელი მსოფლიოდან, ხოლო ამ გლობალური არტ-გალერეის დევიზი კი შემდეგი გახლდათ: ”აბსოლუტი” – არყის ხელოვნება და ხელოვნების არაყი”.

”Absolut”-მა ერთგვარი ხელოვნების გალერეა გახსნა. მასში წლების განმავლობაში გროვდებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მხატვრებს სრული კრეატიული თავისუფლება ეძლეოდათ, არსებობდა მხოლოდ ერთი პირობა – ტილოზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ლეგენდარული ბოთლი – ნებისმიერი განსახიერებით. ამ აქციის ფარგლებში უამრავი ღონისძიება ჩატარდა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

”აბსოლუტური დედაქალაქები” და ”აბსოლუტურად ევროპული დედაქალაქები” ბოლო წლების ორი ყველაზე ცნობილი ბეჭდვითი კამპანიაა. ”აბსოლუტურად ევროპული დედაქალაქები” იბეჭდებოდა ჟურნალ Newsweek-ის შიდა ყდაზე, ყოველ ნომერში თითო ქალაქი. ხოლო ამ რეკლამის საპირისპირო გვერდზე კი იბეჭდებოდა თავად ჟურნალის კორესპოდენტების მიერ მომზადებული სტატიები ამ ქალაქის გასართობი, დასასვენებელი ადგილებისა და ბარ-რესტორნების შესახებ.



”აბსოლუტური დედაქალაქებისათვის” კი შერჩეულ იქნა ქალაქები, რომლებსაც გააჩნდათ ძლიერი ინდივიდუალური სახე. მაგალითად, ”აბსოლუტური ლოს-ანჯელესი” არაჩვეულებრივად გადმოსცემს ქალაქის ატმოსფეროს ამავე ქალაქის პეიზაჟის ჩვენების გარეშე. ამის მაგივრად პლაკატის ცენტრში გამოსახულია საცურაო აუზი – რათქმაუნდა ბოთლის ფორმის. ქალაქის სახე ასევე არაჩვეულებრივადაა დაჭერილი გიტარაშიც (”აბსოლუტური მადრიდი”). ყველა ეს პოსტერი მნახველს საშუალებას აძლევს, რომ ცოტა ხნით მაინც გადაისროლოს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში და წარმოადგენინოს, როგორ ზის აუზის პირას ან უსმენს ბარში გიტარისტს… რათქმაუნდა არყის ჭიქით ხელში.

”აბსოლუტის” კამპანიები არაჩვეულებრივად ესადაგება ლოკალურ ბაზრებს, მკვეთრად განსაზღვრული სამიზნე აუდიტორიით. მაგალითად, თუ თქვენ ათვალიერებთ რომელიმე სპეციალიზირებულ ჟურნალს და დაინახავთ ”აბსოლუტის” რეკლამას, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ იგი აუცილებლად დამზადებული იქნება სპეციალურად ამ ჟურნალისთვის, მისი თემატიკისა და საერთო დიზაინის გათვალისწინებით.

მაგალითად, კამპანია ”აბსოლუტური ორგვერდიანი ფოტოგრაფია” (Absolut Centerfold) ითვალისწინებდა ჩანართს ჟურნალ Playboy-შიც. ამ რეკლამაზე ბოთლი სრულიად ”შიშველი” გახლდათ, ანუ მოხსნილი იყო ყველანაირი წარწერა და მთელი რეკლამა გაფორმებული იყო ”პლეიბოის” საფირმო კურდღლის სტილში.



ამ ყველაფერთად ერთად საჭიროა, რომ ყოველი რეკლამა იხილოს შესაბამისმა ადამიანმა. მაგალითად, საშუალო ასაკის დიასახლისს ნაკლებად დააინტერესებს რეკლამა ”აბსოლუტური ვინდოუსი”, ხოლო სისტემურ ადმინისტრატორს ”აბსოლუტური ფორთოხალი”, მაგრამ ”აბსოლუტის” სარეკლამო კამპანიის კიდევ ერთი ღირსებაც სწორედ მიზანმიმართულად დაგეგმილობაშია. ანუ, მათ ყოველთვის იციან სად განათავსონ თავიანთი რეკლამა. ისინი ყოველთვის ახერხებენ, რომ ისეთ ჟურნალში ან გაზეთის ისეთ რუბრიკაში განათავსონ პლაკატი, რომ იგი მათ ნახონ, ვისთვისაც არის შექმნილი.

რაც შეეხება თავად არაყ ”აბსოლუტს”, მას თითქმის ხუთ საუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა მისი საერთაშორისო ექსპორტისთვის წარმოება XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს დაიწყო.

Absolut Vodka-ს პირველი პარტია 1979 წლის 17 აპრილს ჩამოისხა, ხოლო უკვე ორ თვეში იგი ბოსტონში იყიდებოდა. ეს საკმაოდ სარისკო ბიზნესი იყო – ”აბსოლუტის” მწარმოებლებს სურდათ მსოფლიოში ყველაზე მომგებიან, მაგრამ ამავე დროს ყველაზე კონკურენტულ ბაზარზე – აშშ-ს ბაზარზე გასვლა. ამ საქმის გამართლების თითქმის არავის სჯეროდა, მაგრამ ხარისხიანმა და მიზანმიმართულმა სარეკლამო კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო და სულ რაღაც 6 წელიწადში იგი მსოფლიოს 100 ყველაზე გაყიდვად სპირტიან სასმელებში შევიდა. უკვე 1994 წელს კი მან მყარად დაიკავა დამსახურებული ადგილი სპირტიანი სასმელების კატეგორიის საერთაშორისო პრემიუმ-ბრენდების ათეულში. ამჟამად კი კომპანიის დასახელება ბრენდის შესაბამისია – The Absolut Company, სტოკჰოლმი.



Absolut_ის ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels