ამ ცნობილი მარკის დაარსების თარიღად 1902 წელს ასახელებენ, რომელმაც 17-ე საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მეცნიერის სერჟ კადილაკის სახელი ეწოდა. კომპანიამ დამოუკიდებლად მხოლოდ 1918 წლამდე იარსება. შემდეგ კი იგი უდიდეს ამერიკულ საავტომობილო კონცერნ "ჯენერალ მოტორსს" შეუერთდა და იქ მისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ "კადილაკია" პირველი მყარსახურავიანი ავტომობილის წინამორბედი და შემქმნელი. "კადილაკი" დღემდე განაგრძობს ხალხის განცვიფრებას. მისი სახელი "უმაღლესი ხარისხის" სინონიმადაც კი მოჰყავთ, რაც შეეხება კომპანიის სლოგანს, ის ასე ჟღერს: "ცხოვრება, თავისუფლება და პაექრობა". ამ მარკის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ამერიკასა და კანადაში ხდებოდა, თუმცა ბოლო წლების მონაცემებით მათ არც ევროპელები ჩამორჩებიან. კადილაკი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ემსახურებოდა. მისი მფლობელები იყვნენ ცნობილი მსახიობები და მომღერლები.
მთელს მსოფლიოში Cadillac-ს ნამდვილ ამერიკულ ავტომობილს უწოდებენ. იგი ნათლად ასახავს ამერიკული ავტომშენებლობის ტრადიციებსა და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას. თუმცა, Cadillac ასევე პოპულარულია თითქმის მთელს მსოფლიოში, რადგან მისი გამორჩეული სტილი გულგრილს არავის ტოვებს.
ფორდისა და ლილანდის პირმშო
საავტომობილო მარკების უმრავლესობას სახელი მათი დამაარსებლების გვარების მიხედვით ჰქვია. თუმცა, ეს არ ეხება განთქმულ ბრენდ Cadillac-ს, რომელსაც ასე ფრანგი ანტუან დე ლა მოტ კადილაკისათვის პატივის მისაგებად ეწოდა. მან ამერიკის ღრმა ტყეში 1701 წელს ქალაქი ვილ-დეტრუა დააარსა, რომელიც 200 წლის განმავლობაში ამერიკული ავტომშენებლობის დედაქალაქ დეტროიტად გაიზარდა.
ახალი საავტომობილო კომპანიისათვის Cadillac-ის დარქმევა ჰენრი ლილანდის (1843-1932) იდეა იყო. ახალგაზრდობაში იგი საიარაღო ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი საკუთარი კომპანია Leland and Faulconer დააარსა, რომელიც სხვადასხვაგვარ საწარმოო დანიშნულების ძრავებს უშვებდა. თუმცა, Cadillac-ის სათავეებთან არა ლილანდი, არამედ თვით ლეგენდარული ჰენრი ფორდი იდგა.
ჯერ კიდევ Ford Motor Co-ს დაარსებამდე ჰენრი ფორდმა 1899 წელს შექმნა Detroit Autobobile Co, რომელსაც ორი წლის შემდეგ Henry Ford Co ეწოდა. საქმე ცუდად არ მიდიოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ფორდი სხვა ინვესტორებს წაეჩხუბა და კომპანია მიატოვა. ინვესტორებმა ლილანდს მიმართეს და სთხოვეს ფირმის ლიკვიდაციის მიზნით დანადგარები შეეფასებინა. მაგრამ ლილანდმა ისინი დაარწმუნა კომპანია არ დაეხურათ, სათავეში ჩაუდგა მას და Cadillac-იც უწოდა.
ამ მარკის პირველი ავტომობილი 1902 წელს აიწყო და ერთი წლის შემდეგ კი მისი სერიული წარმოებაც დაიწყო. 1905 და შემდეგ წლებში კიდევ რამდენიმე მოდელი აიწყო. მათ შორის გახლდათ სატვირთო ავტომობილიც. ახალი მარკის ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. საიარაღო ქარხნებში მუშაობის გამოცდილებამ ლილანდს საავტომობილო წარმოებაში სტანდარტიზაციის დანერგვის აუცილებლობა უკარნახა. 1908 წლიდან მან ეს მიზანი წარმატებით განახორციელა.
Post a Comment